Speeches Shim
ორი ახალგაზრდა საქართველოდან, ქუთაისელი აკაკი საღირაძე და მარნეულელი შალალალა ამირჯანოვა იმ ხუთ გამარჯვებულს შორის არიან, ვინც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პროგრამა „ ღია სამყაროს“ ფარგლებში შეარჩია. 2005 წლიდან „ღია სამყარო“ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს გაცვლით პროგრამას სთავაზობს აშშ-ში. პროგრამის არსებობის მანძილზე შალალალა და აკაკი მისი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები არიან.
შალალალა და აკაკი იმ ახალგაზრდული კლუბების აქტიური წევრები არიან, რომელთაც მხარს USAID-ის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროექტი (PITA) უჭერს. PITA მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, ქვეყანაში ცნობიერების და ტოლერანტობის ამაღლებას. პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.
„ღია სამყარო“ 2016-ის მთავარი თემა ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინკლუზია იყო. შალალალას და აკაკის საშუალება მიეცათ ვაშინგტონსა და ჩრდილოეთ კაროლინაში შეხვედროდნენ თემის ლიდერებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს.
შალალალა და აკაკი თავიანთ სოფლებში ცოდნას უზიარებენ თანატოლებს; ატარებენ ტრენინგებს და შეხვედრებს, ადვოკატირებას უწევენ ტოლერანტობას და საზოგადოების ყველა წევრის თანაბარ უფლებებს, ცდილობენ შეცვალონ საქართველოს ათეულობით მოქალაქის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.
PITA-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდებმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიისა და ინტეგრაციის მიზნით, მრავალი ინიციატივა განახორციელეს, ჩაატარეს ცნობიერების ამაღლების კამპანია, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, წიგნიერება, გოგონათა განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და გარემოს დაცვა.
„ღია სამყარო“ 2016-ში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ გამოცდილების და ცოდნის მისაღების შესანიშნავი საშუალებაა. მიღებული ცოდნა დაეხმარებათ ეფექტიანად შეუწყონ ხელი სოციალურ ინკლუზიას თავიანთ ქვეყანაში.
„ღია სამყარო“ 2016 ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“, ამბობს აკაკი საღინაძე. „აშშ კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროგრამის ფარგლებში შევხვდით რელიგიურ უმცირესობებს, პოლიტიკოსებს, უნივერსიტეტების პროფესორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და არამომგებიანი ორგანიზაციების აქტივისტებს.”
“ძალიან მინდოდა ამერიკაში მეტი ინფორმაცია მიმეღო სოციალურ ინკლუზიასა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე ” ამბობს შალალალა. „ბევრი რამ ვისწავლე ამის შესახებ და აღმოვაჩინე, რომ აშშ-ში არსებული სოციალურ ინკლუზიის პრობლემები ძალიან ჰგავს საქართველოში არსებულს. ვეცდები მიღებული გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო. „ღია სამყარომ“ გამოცდილებისა და ცოდნის სხვებისთვის გაზიარების სტიმული მომცა.“
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.