USAID იწყებს ახალ პროგრამას საქართველოში ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის ხელშეწყობისთვის

Speeches Shim

ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020

USAID-ის ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის ახალი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მზაობის განმტკიცებას დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ; ძლიერი, თვითუზრუნველყოფილი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის გზით ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

USAID-ის ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის ახალი პროგრამის ინიციატივით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID იმუშავებს  საქართველოს ხელისუფლებასთან და ფართო საზოგადოებასთან   ქვეყანაში საინფორმაციო სივრცის დასაცავად. ამასთანავე, USAID  მხარს დაუჭერს იმ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ფაქტებზე დაფუძნებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე. ადგილობრივი პარტნიორების ჩართულობა და მათი გამოცდილება ხელს შეუწყობს პროგრამის მორგებას  მოსახლეობის საჭიროებებზე.

USAID/საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის თქმით, „USAID-ის ხუთწლიანი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მედეგობის განმტკიცება გარე მავნე ზეგავლენის, მათ შორის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ჩვენი ახალი ინფორმაციის უსაფრთხოების და სანდოობის  ხელშემწყობი პროგრამის მეშვეობით, ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, სამეცნიერო  წრეებთან  და კერძო სექტორთან, რათა ერთად შევქმნათ ინოვაციური მიდგომები საქართველოში საინფორმაციო გარემოს და ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად.“

ინოვაციური მთოდების გამოყენებით, პროგრამა დაეხმარება ქართულ ორგანიზაციებს გამოავლინონ დეზინფორმაციის წყაროები, შეაფასონ  მისი გავლენა, შექმნან საპასუხო ობიექტური გზავნილები და  შეიმუშაონ ახალი მიდგომები და დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად საჭირო ინსტრუმენტები.

ახალ ორგანიზაციებთან პარტნიორობის ხელშეწყობა

საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების და სანდოობის პროგრამას კომპანია Zinc Network-ის ხელმძღვანელობით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათ შორის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), საზოგადოებრივი აზრის კვლევის წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში; ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია (DFRLab), რომელიც ღია წყაროების კვლევის შედეგად გამოავლენს დეზინფორმაციას და მის წყაროებს; საქართველოს ტექნიკური ინოვატორების ქსელი Startup Grind; და კრეატიული სააგენტო Leavingstone.

USAID-ის პრიორიტეტები - მედეგობის გაზრდა და გარე მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა

ახალი პროგრამა USAID-ის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიმართულია ინსტიტუტების, ინფრაქტრუქტურის და პრაქტიკის შესაქმნელად, რომლებიც დაიცავს საზოგადოებას ისეთი მავნე გარე ზეგავლენისგან, როგორიცაა დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება.

პროგრამა შეიქმნა და ხორციელდება USAID-ის კრემლის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის სტრატეგიის (CMKI) ფარგლებში, რომელიც 2019 წელს ჩამოყალიბდა ისეთი პრობლემების საპასუხოდ,  როგორებიცაა რუსეთის მხრიდან ტერიტორების ოკუპაცია, დემოკრატიული განვითარების შეფერხება, ე.წ. „ფრონტისპირა სახელმწიფოების“ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეშლა. პროგრამა ხელს უწყობს კრემლის მიერ საინფორმაციო სივრცის მანიპულირების ზიანის შემცირებას.