Speeches Shim
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ განაცხადეს საკრედიტო საგარანატიო პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კერძო სექტორის დახმარებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. პროგრამას მხარს უჭერს USAID, რომლის საშუალებითაც კრისტალი საქართველოში მოქმედ 5000-ზე მეტ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოზე გასცემს 15 000 000 აშშ დოლარს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის მიერ გარანტირებული სესხების სახით.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად კრისტალი პირველად ერთვება პორთფელის საგარანტიო პროგრამაში. ფართომასშტაბიანი საგარანტიო სქემა საშუალებას აძლევს კომპანიას დივერსიფიცირება გაუწიოს საკუთარ ფინანსურ პროდუქტებს და შედეგად, მაქსიმალურად უპასუხოს საქართველოში მოქმედი საწარმოების კომპლექსურ საჭიროებებს როგორც COVID-19 პანდემიის პერიოდში, ასევე მის შემდგომ. კრისტალი სესხებს გასცემს შეზღუდული წვდომის მქონე ჯგუფებზე, მათ შორის ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებზე და რეგიონებში განთავსებულ ბიზნესებზე რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას.
საგარანტიო სქემა გათვლილია 8 წლიან პერიოდზე და წარმოადგენს სწრაფი რეაგირების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის ზრდას COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. ამავდროულად, საფუძველს ჩაუყრის აშშ-ის, შვედეთის მთავრობებსა და კრისტალს შორის გრძელვადიან პარტნიორობას მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.
USAID/საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით: „ახალი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი მეწარმეების ფეხზე დადგომასა და COVID–ის შემდგომ ეკონომიკურ გაჯანსაღებას. საგარანტიო მექანიზმი პასუხობს USAID-ის ახალი სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოში: მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს ახალი პროდუქტებისა და ბიზნესის წარმოების ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში, რაც სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.”
როგორც ჯეიმს პოლანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა: „მიკრო და მცირე საწარმოები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს, რომლებმაც მწვავე დარტყმა განიცადეს პანდემიის შედეგად. მოხარული ვართ, რომ USAID-სა და SIDA-სთან თანამშრომლობით, საშუალება გვაქვს საკრედიტო საგარანტიო პროგრამის მეშვეობით მხარი დავუჭიროთ კრისტალს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას საქართველოში.“
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა განაცხადა, რომ: „USAID–სა და კრისტალთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან მომენტში შედგა. COVID 19 კრიზისის ფონზე მოხარული ვართ ჩავერთოთ და ერთობლივი ძალისხმევით შევეცადოთ შევარბილოთ პანდემიის უარყოფითი გავლენა საქართველოს კერძო სექტორზე. შვედეთი პირდაპირი და არაპირდაპირი საშუალებებით მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის დაძლევას მცირე კომპანიებში სამუშაო ადგილების შენარჩუნებითა და შექმნით, ხოლო ფინანსებზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი პარტნიორის, კრისტალის მიერ. პროგრამა ორიენტირებული იქნება ფინანსურ სერვისებზე შეზღუდული წვდომის მქონე ჯგუფებზე, მათ შორის ქალებზე, სტარტაპ ორგანიზაციებსა და მსხვილი ურბანული ცენტრებიდან მოშორებულ საწარმოებზე“.
კრისტალის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი ილია რევია: “ჩვენთვის პატივია, რომ ამ რესურსით სარგებლობა საქართველოში სწორედ კრისტალს ხვდა წილად. DFC- ისა და SIDA- ს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების და შვედეთის მთავრობები და ეს ადასტურებს მათ სურვილს, რომ დაეხმარონ და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში. კრისტალი მიზნად ისახავს მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ მეწარმეებს მდგრადი ბიზნესის განვითარების საქმეში. ახალი პარტნიორობა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგარანტიო პროგრამის სახით ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეების შემდგომ გაძლიერებას ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და საკონსულტაციო მომსახურებით. ინიციატივა ასევე ნათლად ადასტურებს COVID-19 პანდემიის ფონზე საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების ურყევ ნდობას“
ორგანიზაციის შესახებ:
USAID საქართველო: აშშ-ის მთავრობის წამყვანი განვითარების სააგენტოა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას განვითარების მხრივ არსებულ გამოწვევებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების კუთხით. USAID საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს. ამ პერიოდის მანძილზე, იგი მხარს უჭერს ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად და მის ინტეგრირებას დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. USAID–ის 35-ზე მეტი პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მდგრადობის გაძლიერებას მავნე ზეგავლენის მიმართ, დემოკრატიის განმტკიცებას მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის გზით და დასაქმების გაზრდას ეკონომიკის განვითარებით. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.usaid.gov/georgia
DFC: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) ამერიკის განვითარების ბანკია, რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობს და ფინანსური მხარდაჭერით ემხარება განვითარებად ქვეყნებს მათ წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგოსექტორში, ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიაში. ასევე, განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით DFC უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალების დაფინანსებას. DFC-ის ინვესტიციები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს, ადამიანისა და დასაქმებულთა უფლებებს.
SIDA: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) სამთავრობო უწყებაა, რომელიც საქმიანობას ეწევა შვედეთის პარლამენტისა და მთავრობის სახელით. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან დაახლოებას ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიის განმტკიცებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაუმჯობესების გზით.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და მსხვილი (აქტივების მიხედვით) არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის სასესხო პორთფელის მოცულობა 315 მილიონ ლარს შეადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, კრისტალი მართავს 48 ფილიალს და ემსახურება 100,000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს, ხოლო კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი. კრისტალი ხელს უწყობს მომხმარებლების ეკონომიკურ განვითარებას მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შეთავაზებით.კრისტალი რეგიონში პირველი არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-ის შეფასება მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.